პარლამენტის წევრის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ის რომ დღეს თბილისში რუსული ტანკები არ დგანან, ევროკავშირის და აშშ-ის დამსახურებაა და საქართველო რაც უფრო დაშორდება ცივილიზებულ სამყაროს, მით უფრო გაუადვილდება რუსეთს ომის დაწყება.
“დღეს, ყოველდღიურად ჩვენ ვშორდებით ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცივილიზებულ სამყაროს და ეს კეთდება თვალთმაქცურად – “აბა ომი გინდათ?“ ამ აგიტაციის ფონზე. არა, ომი არ გვინდა, ქართველ ხალხს ომი არ უნდა. ომი უნდა რუსეთს და არასდროს ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან და მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ თბილისშიც ყოფილიყვნენ და ვინ შეაჩერა ეს ტანკები? სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გვახსოვს თავისი თვითმფრინავებით როგორ გადმოიყვანეს ქართული ჯარი ერაყიდან საქართველოში და თვითმფრინავები აეროპორტში დატოვეს. ფოთში სამხედრო ხომალდი შემოიყვანეს და სწორედ ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევით რუსებმა თბილისში შემოსვლა ვერ გაბედეს. ჩვენ რაც უფრო დავშორდებით ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მით უფრო უადვილებთ რუსეთს ომის დაწყებას. ჩვენ ვხედავთ დღეს კიევის ქუჩაში ამაყად მოსიარულე ორ პრეზიდენტს და ამავე დროს ვხედავთ მხდალს, ჩირგვებში შემძვრალ პუტინს და ვხედავთ შუა საუკუნეებისთვისაც კი შეუსაბამო იმ ბარბაროსობას, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. ჩვენ ხომ ვხედავთ როგორ მიდის ფსკერისკენ რუსული სამხედრო ხომალდი და გზაც იქით ჰქონია. ქართველები ამ გზით არ წავალთ!
მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს – ბევრი თქვენგანი ევროპაში სწავლობდა, ბევრი თქვენგანის შვილები დღესაც ევროპაში სწავლობს და თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. რატომ ხართ გაჩუმებული? მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ დროულად გამოვფხიზლდეთ სანამ დეპოში ჩასულებს ქართველი ერი გამოგვაღვიძებს“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.