ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, “გირჩის“ წევრები ოპოზიციის საერთო ჩათიდან გააგდეს.
“ჩვენ ჩათიდან გაგვაგდეს, ამიტომ როგორც ჩანს, ოპოზიციიდან ჩემს კოლეგებს არ უნდათ ჩვენი რჩევები, მაგრამ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამ გეგმის, რადგან გვაქვს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია, ვიცით, რა გვინდა და მათ შორის გვაქვს კანონპროექტები, რომლებიც გვინდა განხილული იყოს ამ პროცესში. რაც ვიცით დანარჩენი ოპოზიციისგან, მათ ეს პოლიტიკური პოზიცია არ აქვთ და ცდილობენ, ხან „ენჯეო“ სექტორს ამოეფარონ უკან, ხან რაღაც ერთობა შექმნან, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია არ ჩამოაყალიბონ. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური პოზიციის ძიებაში არიან, მაგრამ თავისთავად არც ალტერნატიული გეგმა, არც ალტერნატიული კანონპროექტი პრობლემას არ წარმოადგენს.
პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უარს ამბობს ლაპარაკზე. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. მით უმეტეს, როცა პარლამენტში ხარ და საპარლამენტო აქტივობით გინდა მიაღწიო რაღაც შედეგს, ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციას, მთავარი იარაღი არის დისკუსია, დებატები, ლაპარაკი და თუ ამაზე უარს ამბობ, არ მესმის, მაშინ რა უნდა გააკეთო და როგორ წარმოუდგენიათ, რომ მათი გეგმა, თუ ალტერნატივა იქნება განხილული და სრულფასოვნად შევა დღის წესრიგში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.