spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სექტორში პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელეს, შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრე წულაძემ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი გააცნო. საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაფორმებულ არაერთ მემორანდუმს, მათ შორის, საქართველოს სკოლებში უცხოური ენების სწავლების გაძლიერებასა და მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოური ენების არჩევის კუთხით მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობის შეთავაზება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, სხვა ენებთან ერთად, ქართველი მოსწავლეები წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების ჩართულობით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხების და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმების პროექტზე.

ჩინეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები