ლავროვს დღეს ხელები უკანკალებდა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან ვიწროა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ის სამხედრო დამნაშავეების სიაში აღმოჩნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, სამხედრო ექსპერტმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მარიუპოლში სამშობიარო არ დაუბომბავთ, მან ძალიან კარგად იცის, რა ხდება.
“მას ხელები უკანკალებდა, ეს ადამიანი პროფესიონალი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის, რა მოხდა სინამდვილეში, რით არის ეს მისთვის სახიფათო და რით ემუქრება. ძალიან კარგად იცის. რომ ყინულის ფენა მის ფეხებქვეშ ძალიან თხელია და ძალიან ვიწროა ის ზღვარი, რომლის შემდეგაც ის აღმოჩნდება სამხედრო დამნაშავეების სიაში, რადგან წარმოადგენს ამ ტერორისტ სახელმწიფოს. ლავროვს ხელები ძალიან უკანკალებდა, რაც მის გამომეტყველებასა და ტექსტს საერთოდ არ შეესაბამებოდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით უკრაინის გეგმები მარტივია, რამდენიმე კვირაში რუსეთი უკვე მზად იქნება რეალური მოლაპარაკებისთვის.
“ჩვენი გეგმები ძალიან მარტივია, სამხედრო დამარცხება ვაწვნიოთ რუსეთს ბრძოლის ველზე, გავხადოთ რუსეთის არმია ბრძოლის უუნარო და ამის შემდეგ დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან.
რუსეთი ახლა ილუზიებშია, თავისი სამხედროები ატყუებენ, რომ ყველაფერი მალე მორჩება. როდესაც დამარცხდებიან ბრძოლის ველზე, რეალური მოლაპარაკებებისთვის მზად იქნებიან, ალბათ, 2 -3 კვირა დარჩა და ჭკუაზე მოვლენ და მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის, სადაც რეალურ პოზიციებს გააჟღერებენ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.