ლონდონში მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ომის, ინტერვენციის 25 დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 500-მდე ტანკი და 1 500-ზე მეტი ჯავშანმანქანა. ამ ტექნიკის ნაწილი გაანდგურდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ჩვენთვის მიწოდებული იარაღით. ეს დაგვეხმარა მრავალი უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენაში, აგრესორის შეკავებასა და მისი გეგმების ჩაშლაში.
ჩვენ ვაფასებთ, რომ მიმდინარე წელს, ბრიტანეთი იყო პირველი, რომელმაც გადმოგვცა სერიოზული იარაღი, რომელმაც გაზარდა ჩვენი თვადაცვითი შესაძლებლობები. თქვენი როლი განსაკუთრებულია. თქვენი სიმამაცე და სულისკვეთება კონტრასტულია სხვა ქვეყნების პასიურობასთან. მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარებისთვის, რომელსაც უახლოეს მომავალში ველოდებით და უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტვირთების მიწოდებაში ბრიტანული მხარის აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის სხვა ქვეყნების მიერ გაგზავნილი ტვირთების“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, კრემლი უნდა გაჩერდეს, თორემ ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს.
“ოფიციალურად დადგენილია, რომ ფართომასშტაბური აგრესიის 25 დღის განმავლობაში კრემლმა უკვე მოკლა 115 უკრაინელი ბავშვი, გაანადგურა 400-ზე მეტი სკოლა და საბავშვო ბაღი, 110-ზე მეტი საავადმყოფო. მოკლულია ათასობით მოქალაქე. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რამდენი. მრავალი ადამიანი ამ დრომდე რუსების მიერ განადგურებული ასობით სახლის ნანგრევებშია. რუსეთი ახორციელებს გენოციდის ნამდვილ აქტს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის წინააღმდეგ. სამი კვირაა, 400 ათასი მოქალაქე ალყაშია მოქცეული წყლის, საკვების, სინათლისა და გათბობის გარეშე, კავშირის გარეშე, დაბომბვის, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების პირობებში. გუშინ ქალაქი დაბომბეს რუსული სამხედრო გემებიდან. მარიუპოლში რუსეთის ძალებმა მიზანმიმართულად ჩამოაგდეს მძლავრი ბომბები საავადმყოფოზე, რომელიც სამშობიარო განყოფილებას მოიცავდა. მათ ასევე დაბომბეს დრამატული თეატრი, რომელსაც 1 200 ქალი და ბავშვი აფარებდა თავს. რამდენიმე პატარა ქალაქი ფაქტობრივად წაშლილია მიწიდან. უკანასკნელად ევროპაში ასეთი მასშტაბის ნგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. მოსკოვს ეშინია ჩვენი არმიის, ამიტომ ისინი თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. სწორედ ამიტომ კრემლი უნდა გაჩერდეს, თორემ ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებს დაესხმება თავს. ჩვენ მადლობას ვუხდით დიდ ბრიტანეთს ტირანიის წინააღმდეგ თანამედროვე კოალიციაში მისი მოწინავე როლისთვის, ბრიტანეთის მთავრობის მკაფიო პოზიციისთვის და რეალური ქმედებებისთვის. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ბოროტების შესაჩერებლად, რომელიც ცდილობს ევროპისა და ევროპული ღირებულებების განადგურებას.
დღეს უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, სვიფტისგან გათიშვა, ენერგორესურსებზე ემბარგო, რუსეთიდან ბიზნესის გასვლა. ყველაფერი ეს წაართმევს კრემლს აგრესიის წარმოების შესაძლებლობას. ამ გრესიის შედეგად 10 მილიონი უკრაინელი უკვე იძულებული გახდა, მიეტოვებინა სახლი, 3 მილიონი კი იქცა ლტოლვილად მეზობელ ქვეყნებში. რუსეთის თავდასხმამ უკრაინაში უკვე შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე. ამის შესახებ ღიად განაცხადა გაერო-ს გენერლაურმა მდივანმა. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მიგრაციის ახალი დიდი ტალღა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უკრაინის თავზე ცის დაკეტვა და ჩვენი ზღვის დაცვა. ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ერთიანი მტკიცე პოზიცია გვჭირდება“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.