2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულზე უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები.
“კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული ქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ.
2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს. საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. უსაფრთხოების გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები, ხოლო ფარული ოპერაციებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა სახის ჯგუფების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ფონდების სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობები.
აღნიშნული პროექტების საშუალებით უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის და იდეოლოგიის პროპაგანდას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. ასევე დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით კანონიერების შესაბამისად გატარდა კომპლექსური ღონისძიებები”, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.