ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი განხილვის სტადიაშია. ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები დაუწესდებათ ივანიშვილის “მოლაპარაკე თავებსაც”.
“მე რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი განხილვის სტადიაშია. ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა. მისი ყველა მცდელობა, რომ დრო გაწელოს, 20 იანვარს დაუკავშიროს მისი კეთილდღეობა და მომავალი არის ფუჭი. საბოლოო ჯამში, ისიც დასანქცირდება და მისი მოლაპარაკე თავებიც, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში. ეს იქნება კობახიძე თუ სხვა ვინმე, ამას მალე გავიგებთ”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.