ზელენსკი შევა ისტორიაში, როგორც საოცარი გმირი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მაგრამ ტრამპიც შევა ისტორიაში ძალიან ცუდად, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს პირდაპირ ნაჯახითაა ტრამპი მიმდგარი და ჩეხს.
“იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში სუნთქავს და არსებობს მკვლელი, მონსტრი, დიქტატორი პუტინი, ზელენსკის, რომელიც თავისი სამშობლოსთვის იბრძვის, არ გაიქცა, ამ პირობებში მას უწოდებენ დიქტატორს და აკნინებენ. ზელენსკი შევა ისტორიაში, როგორც საოცარი გმირი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მაგრამ ტრამპიც შევა ისტორიაში ძალიან ცუდად იმიტომ, რომ ჩვენ მომსწრე ვართ არა მხოლოდ უკრაინის, ევროპის გადაწყვეტის, არამედ ეგზისტენციალური საკითხი დგება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ზესახელწმიფოს არსებობის და შენარჩუნების თავის ღირებულებებზე და მეორე, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები პირველი ვადის დროს შეაჯანჯღარა და ბაიდენის ადმინისტრაციამ შეძლო, რომ შეძლებისდაგვარად აღედგინა ეს ურთიერთობები. ახლა ამ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს პირდაპირ ნაჯახითაა ტრამპი მიმდგარი და ჩეხს. თუ ვინმეს მიმართ არის ის აგრესიული, არის თავისი მოკავშირეების მიმართ.
ის საკენკი, რასაც აძლევენ დონალდ ტრამპს, არ სჯერა არავის და ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩინეთს იმდენად შესრუტული ჰყავს რუსეთი, რომ გამორიცხულია ის ამ ხვრელიდან გამოაძვრინოს ტრამპმა პუტინი, რომელიც სანახევროდ გადაყლაპული ჰყავს სი ძინპინს.
რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც განვითარდება უკრაინაში მოვლენები, ის ჩვენზე აისახება, რა თქმა უნდა. ეგზისტენციალური საკითხი დგას ევროპისთვისაც”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.