სამგზავრო თვითმფრინავის Embraer 190-ის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსეთის წარმომადგენლებს, ბაქო სამართლიანობას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაღუპული ეკიპაჟის წევრების ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ბრალი იმაში, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ამ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, რუსეთის წარმომადგენლებს მიუძღვით. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შავი ყუთების გაშიფვრა და შესაძლოა, წინასწარი შედეგები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
“და ეს (შავი ყუთების გაშიფვრა) ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება ამ ტრაგედიის სრულ გამოძიებასა და მასზე პასუხისმგებელი პირების დასჯაში“, – აღნიშნა მან.
25 დეკემბერს ყაზახეთში “აზერბაიჯანის ავიახაზების” კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი. ცნობილია, რომ თვითმფრინავმა სამჯერ სცადა დაშვება ჩეჩნეთის ქალაქ გროზნოში, მაგრამ ვერ შეძლო, ამის შემდეგ ის ყაზახეთში გაემგზავრა.
ავიაკატასტროფის შემდეგ რუსულმა მხარემ არაერთი ვერსია გააჟღერა: ფრინველებთან შეჯახება, ნისლი, ბორტზე ჟანგბადის ავზის აფეთქება. ალიევის თქმით, თვითმფრინავი ხმელეთიდან სროლის შედეგად დაზიანდა.