თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩხარაზე არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს “საგო“ ახორციელებს. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხებით არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხიდის ბურჯების კაპიტალური გამაგრება და სავალი ნაწილის მოწყობა ლითონის კონსტრუქციებით.
სოფელ ალისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა. მონიტორინგზე იმყოფებოდნენ, ასევე მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი და ალისუბნის დეპუტატი ბადრი ბუცხრიკიძე.