2025 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ცერემონიაზე მან პირობა დადო, რომ ამერიკაში “ოქროს ხანა” დაიწყება და დაასახელა თავისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები, თუმცა არ უხსენებია მისი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ეხებოდა.
ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლა ამერიკის “ოქროს ხანის” დასაწყისის გამოცხადებით დაიწყო.
“დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება, მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ. ჩვენი ყველა ერს და ქვეყანას შეშურდება. და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ისარგებლოს ჩვენით. ტრამპის ადმინისტრაციის ყოველი დღე მე უბრალოდ პირველ ადგილზე დავაყენებ ამერიკას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა. ”ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და ბევრად უფრო გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – აღნიშნა მან.
ტრამპმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს არალეგალურ ემიგრანტებს და დაიწყებს „მილიონობით კრიმინალის“ დაბრუნების პროცესს იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ.
“ჩვენ აღვადგენთ პოლიტიკას “დარჩი მექსიკაში“. მე გავგზავნი ჩვენს ჯარს სამხრეთ საზღვარზე, რათა შეაჩეროს ეს შემოჭრა. იმ განკარგულებით, რომელსაც დღეს მოვაწერ ხელს, ჩვენ ვაღიარებთ კარტელებს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებად. ჩვენ გამოვიყენებთ 1770 წლის კანონს, რათა თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო კრიმინალების მოქმედება შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში ყოველდღე იმუშავებენ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღუდგნენ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით.
“ბოლო რვა წლის განმავლობაში მე გამოვიარე იმაზე მეტი გამოცდა და გამოწვევა, რაც ყველა სხვა პრეზიდენტს ჩვენს 250-წლიან ისტორიაში. ამავე დროს მე ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია, გითხრათ, ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ არის მარტივი. მათ, ვისაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სცადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პატრიოტების, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში თითოეული დღე ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღვუდგეთ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით. ჩვენ ვიმოძრავებთ მიზნით და სიჩქარით, რათა დავუბრუნოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა ფერის მოქალაქეებს და ვაქციოთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღედ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება, როგორც მშვიდობისმყოფელის და გამაერთიანებლის.
“ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ და, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოუტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოს, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, როგორც 2017 წელს, კვლავ შექმნის უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს.
მან ასევე გამოაცხადა ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა, რათა დაეხმაროს ელექტროენერგიის და საწვავის ფასების შემცირებას.
მისივე თქმით, აშშ-ში ინფლაციის კრიზისი უზარმაზარმა ზედმეტმა ხარჯებმა და ენერგიის გაძვირებამ გამოიწვია.
ფიცის დადების ცერემონია, კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, დღეს კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა. 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრებოდა.