პარტია “საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატთან დაკავშირებით ჯერ არც “ნაციონალური მოძრაობიდან“ და არც „ქართული ოცნებისგან“ ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.
“ჯერჯერობით, ოფიციალური გამოხმაურება არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. მე პირადად ეს არ მიკვირს, რადგან როგორც „ნაცმოძრაობას“, ისევე „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი აინტერესებს. რა თქმა უნდა, კვლავ ველოდებით, მაგრამ თუ სამმხრივი ფორმატი არ შედგა, ჩვენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით. კონკრეტულად ეს რაში იქნება გამოხატული, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია, სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.