მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგზავნონ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიაში, დაელოდონ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ნახონ, როგორ შეაფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
“მინდა გამოვეხმაურო ფრაქციის სახელით იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც შემოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევას და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ართმევს ფაქტობრივად საკონსტიტუციო უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რა არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა და რა არის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი.
ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არის ერთადერთი – ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ საარჩევნო რეფორმას და ითხოვენ ისეთ საარჩევნო რეფორმას, რომელიც იქნება ქმედითი და მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით კანდიდატს სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ხელისუფლების მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამ საკანონმდებლო ცვლილებით „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, საბოტაჟს უცხადებს ამ პროცესს.
ცენტრალური და საოლქო კომისიები ისედაც “ქართული ოცნების” მიერ კონტროლდებოდა. კონტროლდებოდნენ ე.წ. დამოუკიდებელი წევრებიც, რომლებიც პირდაპირ “ქართული ოცნებიდან” ინიშნებოდნენ, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით “ქართული ოცნება” 0.1% შანსსაც კი არ ტოვებს, რომ ცენტრალური და საოლქო კომისიები დამოუკიდებელი იყვნენ.
ამ ცვლილებით მივიღებთ იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად არიან “ქართული ოცნების” შტაბები და არა დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ხელისუფლებას მათი 100%”-იანი კონტროლის საშუალება ექნება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გასაგებია, რომ მათი მიზანია, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ გააგზავნონ ეს საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიაში, დაელოდონ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ნახონ, როგორ შეაფასებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ საკანონმდებლო ცვლილებებს”, – განაცხადა წითლიძემ.