ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას და არავის ისე არ გაუხარდებოდა ეს სასჯელი, როგორც პუტინს, რომელიც ამ ქვეყნის მტერია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობით ივანიშვილმა დარტყმა პარტიასაც მიაყენა.
“საუბარს ლოგიკაზე და იურიდიულ დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე არ გამიკვირდება, რომ დამატებით მიუსაჯონ და ამაზე უფრო გასაოცარი რამ გააკეთონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა, რომ ის, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს, ეს არ არის ერთი უმნიშვნელო ამბავი.
რეალურად, მიხეილ სააკაშვილს ებრძვის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს რუსეთის დავალებით. მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილი აღიქვამს ნომერ პირველ საშიშროებად და მტრად, ამიტომ ის ყველაფერს იზამს, სანამ ამის შესაძლებლობა აქვს, რომ სააკაშვილი ციხიდან არასოდეს გამოვიდეს.
დარწმუნებული ვარ, კიდევ რამეს გამოქექავენ, კიდევ მიუსჯიან რამეს. ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი, ეს ძალიან ბევრ რამეზეა გათვლილი. პირველი ის, რომ ის ასრულებს რუსეთის დავალებას და არავის ისე არ გაუხარდებოდა ეს სასჯელი, როგორც პუტინს, რომელიც ამ ქვეყნის მტერია. მეორე – ამის მიზანია მიხეილ სააკაშვილის გატეხა, გატეხა მისი თანამებრძოლების, “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება, მთელი წლები დასამარებას და დაშლას ცდილობდა და ახლა ეს დარტყმაც თითოეულ ჩვენგანზეა”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.