მთავარი არის, რას ამბობს ევროკავშირი, აშშ და არა ის, რას ამბობს ორბანი, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.
წითლიძის თქმით, ვიქტორ ორბანის განცხადება ემთხვევა “ქართული ოცნების” მესიჯბოქსს, რომ საქართველო მზად იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა ევროკავშირი თავად არ აღმოჩნდა ამისთვის მზად.
“თუ გავითვალისწინებთ “ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პროპაგანდას, მათ აქვთ ორი ვარიანტი, ან ოპოზიციას გადააბრალონ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა, ან თქვან, რომ ევროკავშირი არ იყო მზად საქართველოს მისაღებად. ცნობილია, ვინცაა ორბანი და როგორია მისი განწყობები, შესაბამისად, მისი განცხადებები ემთხვევა ღარიბაშვილის განცხადებებს, მაგრამ მთავარი ის კი არაა, რას ამბობს ორბანი, ამ შემთხვევაში, მთავარია, რას ამბობს ევროკავშირი, აშშ.
ჩვენ მთელი ევროკავშირი და აშშ გვეუბნება, რომ შეასრულეთ 12-პუნქტიანი ვალდებულებები და თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, ეს არის მთავარი და ასევე ის, თუ რა არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და სტრატეგია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრიუსელის გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს.