“რუსული კანონის” ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და საბოტაჟს აგრძელებს ამ გზაზე.
“ივანიშვილის პარტიის მიერ “რუსული კანონის” ხელახლა დაბრუნებამ პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
“რუსული კანონის” ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ “რუსული კანონის” შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა სურს, რომ ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული.