spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდერს ბრეივიკის მიერ ნორვეგიაში განხორციელებული ორმაგი ტერაქტიდან 10 წელი გავიდა

ანდერს ბრეივიკის მიერ ნორვეგიაში განხორციელებული ორმაგი ტერაქტიდან 10 წელი გავიდა, ტერაქტებს 77 ადამიანის, მათ შორის ქართველი თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151 ადამიანი.

 

2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო რაიონში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იენს სტოლტენბერგის ოფისთან  ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარა აფეთქედა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

 

მეორე თავდასხმა ორი საათის შემდეგ განხორციელდა. ამჯერად სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ეკუთვნის ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მუშათა ახალგაზრდულ ლიგას და მდებარეობს უტეიას კუნძულზე. პოლიციელად გადაცმულმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და მოკლა 68 ადამიანი, მათ შორის – პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობრები და ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტის ძმა. ახალგაზრდულ ბანაკში ორი ქართველი გოგონა იმყოფებოდა – სისხლიან სასაკლაოს გადაურჩა ნათია ჩხეტიანი, თამთა ლიპარტელიანის ცხედარი კი მხოლოდ 5-დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 

 

სამართალდამცველები ახალგაზრდულ ბანაკში პირველი აფეთქებიდან 25 წუთში მივიდნენ, თუმცა შეიარაღებული არ იყვნენ, რის გამოც 45 წუთის განმავლობაში სპეცრაზმს ელოდებოდნენ. ბრეივიკი სპეცრაზმს წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა.

 

2012 წლის 24 აგვისტოს ანდერს ბრეივიკს ნორვეგიაში ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების 21 წლით აღკვეთა მიესაჯა, ვადის შესაძლო გაგრძელებით.

 

ტერაქტებიდან 10 წლისთავზე ნორვეგიაში სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებები გაიმართება. ოსლოს იმ კვარტალში, სადაც ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ნორვეგიის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. სიტყვით გამოვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

 

ოსლოს საკათედრო ტაძარში აღავლენენ პარაკლისს. ტაძარში სიტყვით გამოვა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 2011 წელს, ბრეივიკის თავდასხმის დროს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები