სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
“ჩვენ ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსთვის, იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა თუ სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო. ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს. ასევე, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ უკრაინა ჩვენი ქვეყნების საერთო მტრისგან, რუსეთის ფედერაციისგან“, – განაცხადა კასიანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.
“ამასთან, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს.
უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ენერგეტიკის სისტემის აღდგენაში, გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიანთ განზრახვაში, მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.