საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან იმყოფებოდა.
“2009 წლიდან სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქით მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდეც რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. ეს გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ერთი ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები.
ლომისის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა. გუშინდელ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. შემდგომ ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი. სოფელ კირბალშია სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს – აეჭედათ კარი და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში, ეს არის სოფელ აძვში წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ქერეში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი. ამიტომ ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, გადანაცვლება რაღაც მოვლენების, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს.
გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც ეს მოხდა იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. გავითვალისწინოთ. ეს არის საფრთხილო ზონა, ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა, 2008 წლის ომის შემდეგ და 2009 წლის შემდეგ ეს პატრულირება ხორციელდება. არ არის ახალი ამბავი და ნუ შევქმნით ცუდ მოლოდინებს და ნუ შევაჩვევთ წინასწარ მოსახლეობას, რომ, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზეც მსგავსი რამ მოხდეს, როგორც სხვაგან ხდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fandriajagmaidze%2Fvideos%2F1352279428752144%2F&show_text=false&width=267&t=0″ width=”267″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>