“ქართულ ოცნებაში“ უნდა იცოდნენ, რომ იმ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ახლა აქვს მიხეილ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა თითოეულ მათგანზეა, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” თავს ვერ გაიმართლებს, თუ რატომ არ მისცა რეზოლუციას ხმა, რომლითაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ არის აღიარებული.
“მნიშვნელოვანი რეზოლუციაა საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რადგანაც მოხდა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. გარდა ამისა, დოკუმენტი საქართველოსთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული და მისი გათავისუფლებაა მოთხოვნილი.
ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარეს, მხარი არ დაუჭირა, ამით კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის არ არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და თავს თვლის რუსეთის ნაწილად.
არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ რეზოლუციას მხარი იმიტომ არ დაუჭირეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებას არ ეთანხმებოდნენ. შესაძლებელი იყო ხმა რეზოლუციის ინ ნაწილისთვის მიეცათ, სადაც რუსეთი აგრესორ და ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მისი თქმით, არავინ იცის ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის დამოკიდებული არც კობახიძეზე და არც მიქანაძეზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილზე. ის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არაადეკვატურია, ის არის კუთხეში მომწყვდეულივით. მან იცის, რუსეთის დამარცხება რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის, ამიტომაც მისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი, ძალიან რთული ამაზე პროგნოზის გაკეთება, რას იზამს სააკაშვილთან დაკავშირებით. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ უნდა იცოდნენ, რომ იმ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ახლა აქვს მიხეილ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა არის თითოეულ მათგანზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით რუსეთი ტერორის სახელმწიფოდ არის აღიარებული, ხოლო პუტინის ტყვეები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.