“UNICEF-ის ბოლო კვლევის თანახმად, სკოლებში ბავშვების 35% განიცდის სრულ შიმშილს, 77% კი ნაწილობრივ შიმშილს. საქართველოს მოქალაქეებს, მშობლებს და ბავშვებს სჭირდებათ პასუხი კითხვაზე როდის დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება ან რას აკეთებს ის უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში“, – ამის შესახებ დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საჯარო სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.
წითლიძის განცხადებით, უფასო კვებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების სამინისტროს პასუხია, რომ სკოლების 80%-ს სასადილო არ აქვს და საჭიროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
“ჩვენ გთავაზობთ ორ გამოსავალს. პირველი ეს არის ე.წ. „სქულ ქარდები“, რომელიც საჭიროებს ერთი ბავშვისთვის წელიწადში 680 ლარის გამოყოფას, რისი განხორციელებაც ჩვენ პირველკლასელებისთვის შევძელით წალენჯიხაში და მეორე, ეს არის ე.წ. „ლანჩბოქსები“, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაც არის და შესაძლებელია, სკოლაში განხორციელდეს მიტანის სერვისით. ხელისუფლებას გთავაზობთ, კონკრეტულ გამოსავალს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფასო კვების პროგრამა დაინერგოს საჯარო სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად თუ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნება. 680 ლარი წელიწადში არის ის თანხა, რომლის დაფინანსებაც შესაძლებელია და საქართველოს ბიუჯეტი სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ამის საშუალება იძლევა“, – განაცხადა წითლიძემ.