პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ პატივს სცემს საქართველოს სასამართლოს სისტემას, თუმცა “მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს აზიანებს”.
პოლონური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს სააკაშვილი ლეხ კაჩინსკის მეგობარად ახსოვს და სალომე ზურაბიშვილს თხოვა, ყველა ზომა მიიღოს, რომ მისი საქმე მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.
სალომე ზურაბიშვილის და ანჯეი დუდას სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს გაიმართა.
“პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარისას განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.
იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეუთოს მხარდაჭერით, თბილისში, ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.
ანჯეი დუდა საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ის ეუთოს ფარგლებში, პოლონეთის საქმიანობის პრიორიტეტებში ჯდება”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.