spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანრი ოხანაშვილი – ხდება ამ საკითხით მანიპულირება, რა იგულისხმება, ვინ იგულისხმება, თურმე ის, რომ კონკრეტული პირი მოიაზრა ევროპულმა სტრუქტურამ და ა.შ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: “ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

 

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:  ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

 

პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

 

აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება:

 

ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;

 

ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

 

გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხი შეეხება ისეთ ფენომენს, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება აქვს ერთადერთ ქვეყანას – უკრაინას.

 

“იქედან გამომდინარე, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან მოწოდება გაკეთდა უკრაინასთან მიმართებით ამ მიღებული კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის, ობიექტურ საზომად იქნა მიჩნეული უკრაინული მოდელის  გაცნობა, განხილვა და  გაანალიზება. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ეს მოდელი და საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხზე, მათ შორის, განსხვავებული აზრების  ფარგლებშიც, რომ ჩვენ წარმოგვედგინა კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, ეს საკითხი გახდა პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

 

“ხდება ამ საკითხით მანიპულირება –  რა იგულისხმება, ვინ იგულისხმება, თურმე ის, რომ კონკრეტული პირი მოიაზრა 12-პუნქტიან გეგმაში ევროპულმა სტრუქტურამ და ა.შ. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, 12-პუნქტიანის გეგმის კონკრეტულად ეს ჩანაწერი  შევასრულოთ და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სპეკულაციებს  და მანიპულაციებს წერტილი დავუსვათ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 

კანონპროექტის ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების (“დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები