გრძელდება კონფერენცია თემაზე – “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, სადაც მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის თემებს განიხილავენ.
მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ხოლო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
“დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საგნობრივად განვიხილოთ თითოეული ის პუნქტი, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება. პარლამენტმა დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულებულიყო“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესი აქვს.
“რაც შეეხება მთლიანობაში მდგომარეობას, დეპოლარიზაციის პუნქტი არის გამოწვევა თუ როგორ შეიძლება ეს შესრულებულად ჩაითვალოს და ვინ იქნება გარანტი, რომ დეპოლარიზაცია აღარ იქნება. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდო, რომ ეს პუნქტი სრულად შესრულებულიყო. 3 წევრია არჩეული და ამ პუნქტის შესრულებას ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. 90 ხმაა საჭირო საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევისთვის და კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. რაც შეეხება სხვა პუნქტებს და საკითხებს, ჩვენ ხელშესახები პროგრესი გვაქვს. მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ სასპეკულაციოდ სივრცე არ დარჩეს, – თითქოს რაღაც არ გაკეთდა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქამდეც ეკუთვნოდა, თუმცა ახლა მით უმეტეს ეკუთვნის, როცა ჩვენი შრომის და ძალისხმევის შედეგად, ერთგვარი ბონუსით და ავანსით მივმართავთ ევროკავშირს, რათა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით საარჩევნო კუთხით არის მიღებული, სამოქალაქო სექტორის მიერ დადებითად შეფასდა.
“სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს, რაც ნიშნავს, რომ ამ კუთხით კარგი პროგრესი გვაქვს. მათ გამოხატეს ერთადერთი შენიშვნა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით, რაზეც მათ არგუმენტირებული პასუხი მიიღეს თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას.
კონფერენცია თემაზე “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით იმართება.
ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა.