ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ამიტომ ახლა თქვენ გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან და როცა ზრდილობას ისწავლით, შემდეგ შეგიძლიათ შემოხვიდეთ, – ამ განცხადებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თვმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ვატო წერეთელს დაატოვებინა.
ამის მიზეზი კი ვატო წერეთლის მიერ ონლაინ კაზინოების რეკლამირების აკრძალვის ინიციატორის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი “მავნე ადამიანად” მოხსენიება გახდა.
“მავნე ხართ თქვენ და უზრდელი, ასე რომ, გაიარეთ ახლა და გადით აქედან” – უთხარა ოხანაშვილმა წერეთელს.
ვატო წერეთლის განცხადებით, რეკლამის აკრძალვა არა მხოლოდ მედიისათვის არის ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა, ეს უარყოფითად იმოქმედებს სპორტის დაფინანსებაზე.
“ეს ბიზნესი მილიონებს აბანდებს სპორტში. კითხვა დავსვი, ამხელა ფული რომ გამოაკლდება სპორტს, ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ არის მავნე ადამინი, ეს ჩვენი სპორტსმენები ხო გადაინაცვლებენ ბირჟებზე, ნარკომანიის და ლოთობის წინაშე. ასობით მილიონ ლარს ართმევს სპორტს, იმის ნაცვლად, რომ მიდიოდეს სპორტის ხელშეწყობა, ამის გამო გამომაგდეს კომისიის სხდომიდან.
ამასთან, ეს არის პირდაპირ მედიის ჩაწიხლვა. ისედაც ვერ ვახერხებთ, რომ დავდგეგმოთ ჩვენი წელი. თუ არ ვდები, ტელევიზიებში 20-25 პროცენტი არის შემოსავალი ამ ბიზნესიდან და უცებ მოაკლეს ამხელა ფინანსები, ისედაც ინკასო, დაყადაღება და რა პირობებში არ გვიწევს მუშაობა “, – განაცხადა წერეთელმა.
აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომას მედიამენეჯერები და ონლაინ კაზინოების წარმომადგენლები ესწრებიან.
კანონპროექტი, რომელიც შეეხება აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას, პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა და დღეს კომიტეტების ფარგლებში განიხილება. ხვალ კანონპროექტს დაჩქარებული წესით სესიაზე გაიტანენ.