აუცილებლად მივიჩნევ, “გამჭვირვალობა საქართველოს” და ეკა გიგაურს გავაუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულებათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის , – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე.
“ფაქტების უკანონო დამალვიდან გამომდინარე, საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვალობის გამართლებას. ეს ძალები ეყრდნობიან ფარულ მეთოდებს, თავიანთი გავლენის გაფართოებისთვის. მათი საქმიანობა არის დაფარული და გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით.
მათი დანახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას.
ანტიკორუფციული ბიუროს მთავარ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და ინფორმირებული არჩევანის უფლების დაცვა.
ამ მიზნით, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი კანონდარღვევა გამოვავლინეთ, ხოლო შესაბამისი სუბიექტები დავუქვემდებარეთ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ჩვენი გადაწყვეტილებები დაქვემდებარებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტს.
მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე, მალევე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს გადაწყვეტილებების უტყუარობა. აქვე აღვნიშნავ, რომ არ იზღუდება, ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება. ამ საკითხზე წარმოთქმული ბრალდებები წარმოადგენს სიცრუესა და სპეკულაციას.
ერთადერთი მოთხოვნა არის პოლიტიკური მიზნით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად შევხვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის, ევროპარლამენტის დელეგაციას, ავუხსენით მათ გადაწყვეტილებების შინაარსი, დავუდასტურეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო პროცესებთან, ვითარების ტირაჟირება არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.
სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად, აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა.
ამ ორგანიზაციას სხვების მსგავსად, არ სურს, საზოგადოებას გაუმხილოს – რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი, მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა, როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, გამჭვირვალობის შემთხვევაში, გამოჩნდებოდა, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან.
აუცილებლად მივიჩნევ, “გამჭვირვალობა საქართველოს” და ეკა გიგაურს გაუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულებათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.