მივმართავ პრემიერ-მინისტრს რომ შეუჩეროს უფლებამოსილება შს მინისტრს, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება და მისი საქმის გამოძიების შედეგებს და მტკიცებულებების გასაჯაროებას მოითხოვს.
მუხთარლი აცხადებს, რომ პოსტზე მყოფი შს მინისტრი გამოძიებას ხელს შეუშლის. ასევე ითხოვს, რომ გამოძიებამ დაკითხოს ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილი.
“ჩამოვედი იმისთვის, რომ პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა წავუყენო. პირველი, ეს სოსო გოგაშვილის განცხადებებს უკავშირდება, რომელმაც თქვა, რომ ჩემი გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ივანიშვილი და შს მოქმედი მინისტრი. მე მოვითხოვ პროკურატურისაგან, რომ ჩემს საქმეზე ორივე მათგანი დაიკითხოს.
მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომ შეუჩეროს უფლებამოსილება შს მინისტრს. თუ გომელაური პოსტზე დარჩება, მას შეუძლია გამოძიებაზე გავლენა მოახდინოს. ხვალ ან ზეგ ჩემს ოფიციალურ მიმართვას მიიღებს პრემიერი და პარლამენტი. დღესვე მექნება ამ თემებთან დაკავშირებით პროკურატურაში საუბარი და ამის შემდეგ შესაძლოა, ჩემი მოთხოვნები გაიზარდოს.
თქვენმა პროკურორმა განაცხადა, რომ მე საჯაროდ ერთს ვამბობ და ჩვენებებში მეორეს. ასე არ არის. მათ თავად მითხრეს, რომ სახელები და გვარები არ დამესახელებინა, ახლა კი დავასახელებ, ვინ მითხრა, რომ ქართულ მხარეს ქრთამი მისცეს. ეს იყო მინსალე საიდოვი, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. მის გარდა კიდევ სხვებმაც მითხრეს, რომ აზერბაიჯანში ყველაზე ძვირადღირებული პატიმარი ვიყავი, რადგან ქართულ მხარეს ჩემში 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ჩვენ ადრე გვქონდა ეროვნული უშიშროების სამსახური, რომლის რამდენიმე გენერალი დააპატიმრეს. 10 გენერალი იყო და ერთ-ერთი, აგიფ ჩოვდაროვი, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ კონტრდაზვერვის ფული გაფლანგა საქართველოს ტერიტორიაზე. მან სასამართლოზე განაცხადა, მე რომ ახლა ვთქვა, რაში დავხარჯე 10 მილიონი დოლარი, შეიძლება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ომი დაიწყოსო. ამას ვერ ვიტყვიო, უბრალოდ ფული მივეცით დეპუტატებს, რომლებიც ამოვირჩიეთო. ამის შემდეგ მისი სასამართლო დახურეს, რამდენიმე ხანი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა სხდომები და მერე ამ გენერალს ბრალდებები მოუხსნეს”, – განაცხადა მუხთარლიმ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან, 2017 წლის მაისში, დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებით გაასამართლეს. 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა.