spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აფგან სადიგოვი უკვე 159 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 159-ე დღეა, შიმშილობს, კვლავ სტაბილურად მძიმეა, მას ანემიის ნიშნები და შენელებული გულისცემა აღენიშნება.

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აფგან სადიგოვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აფგან სადიგოვი უკვე 159 დღეა, შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

აფგან სადიგოვმა 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. 10 თებერვლამდე ის არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ჟურნალისტმა კვლავ  დაიწყო  წყლის მიღება და პერიოდულად თანხმობას აცხადებს ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების მიღებაზე,  რომელიც მას გადასხმის მეშვეობით მიეწოდება.

მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.  ორგანიზმს  უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც  სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის. ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს.  აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს.  სამწუხაროდ, ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.

აფგან სადიგოვმა 159-დღიანი შიმშილობის პერიოდში  40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია.

პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

აფგან სადიგოვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, განიხილავს ჩვენს მოთხოვნას  სადიგოვის მიმართ  დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენების  და აზერბაიჯანში ექსტრადიციის  შეჩერების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  2025 წლის 14 იანვარს და 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის აკრძალულია 2025 წლის 4 მარტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებებია და 2025 წლის 4 მარტისთვის სასამართლო კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის უფრო ხანგრძლივი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ევროპულ სასამართლოსთან კომუნიკაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე ველოდებით მის გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების უფრო ხანგრძლივი გამოყენების თაობაზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტო: მინდია გაბაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები