აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს.
ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ. ბიუსტის გახსნაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
“ბატონი ჟიული შარტავა ყველასთვის ცნობილი პიროვნებაა. ადამიანი, რომელმაც, ვიტყოდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც შექმნა ახალი ეპოქა და ამის დასტურია ქალბატონი ლიკას, მისი შვილიშვილის ჩვენს გუნდში ყოფნა, გაწევრიანება ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახში. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ჟიულის სახელის უკვდავსაყოფად”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ჟიული შარტავას ბიუსტი “ეროვნული ერთიანობის ცენტრ – ჟიული შარტავას საზოგადოების” ინიციატივით შეიქმნა.