აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, დილიდან დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან, სადაც დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე ეცნობიან.
ლევან მგალობლიშვილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო ადგილზე არსებულ გამოწვევებს.
დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები.
ზუგდიდში გამართა შეხვედრა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან იმყოფებოდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აბაშისა და სენაკის მოსახლეობას შეხვდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და ფოთში გაეცნო, ხოლო აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია მარტვილსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ დროებით დევნილებს შეხვდა.
ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით დროებით დევნილ მოსახლეობას, ყველა ლოკაციაზე, საჭიროების შესაბამისად, საკვები პროდუქტები გადაეცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ დრომდე სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას.
იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე რეაგირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს.