"არის პანდემია, თუმცა არის კარგი ამბებიც: აპრილში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით გაიზარდა და 378 მილიონი დოლარი შეადგინა. პანდემიაა, მაგრამ ხალხი მუშაობს!“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელს. „კარგია, რომ ექსპორტის ზრდა სჭარბობს იმპორტის ზრდის მაჩვენებელს!“ – აღნიშნა ექსპერტმა.
2021 წლის იანვარი-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2020 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო დეფიციტი 53.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 1,531 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარი-აპრილში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.