"არა ნამოხვანჰესს!" – ქუთაისში აქცია გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობაა. ისინი რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერას უცხადებენ.
აქციაზე იმყოფებიან მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერებიც, რომლებიც 4 თვეზე მეტია, ხეობაში უწყვეტ პროტესტს მართავენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენონ.
"თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ.
ჩვენ უნდა შევძლოთ პრობლემების წინაშე მშვიდობიანად, სულისკვეთებით, ცივილურად, სარწმუნოებრივად, ყველა იმ ღირებულებით ბრძოლა, რომელმა ღირებულებებმაც ჩვენ შეგვინარჩუნა ერის სახე და როგორც ქართველი ხალხის სახე"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილები, სადაც გუშინ, გუმათში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.