არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება – ეს არ არის საკმარისი, რათა ამ თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.
„არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ჩვენი პოზიცია. არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს არ არის საკმარისი, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„გირჩი“ შვიდ საკითხს ასახელებს და აცხადებს, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.