spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში“ და შეთქმულების თეორიები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ვადამდელი არჩევნები მოინდომა  და მიიღო კიდეც, ოღონდ საკუთარ პარტიაში. მთავარი ოპოზიციური პარტიის ოპონენტები ამ ფაქტმა ძალიან გაახალისა და ხუმრობის ხასიათზე დააყენა. როგორ ჩანს,  მელიას სურვილის ჩაფიქრებისას დაზუსტება დაავიწყდა, თუ სად სურდა არჩევნები, ქვეყანაში თუ პარტიაში და სურვილიც ასე სახაშეცვლილად აუსრულდა.    

 

არ დააყოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისისა და დაშლის შესახებ სახელისუფლებო ძალების ყიჟინამ, რომელსაც არ ჩამორჩნენ ყოფილი თანაპარტიელები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობიდან“ დემარშით წასული ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ პროცესები გავლენებისათვის ბრძოლას უკავშირდება და „ნაციონალურ მოძრაობაში“  შიდადემოკრატიაზე საუბარი სასაცილოა.  

 

პარტიის ყოფილმა წევრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა,  რომ ვერც კი წარმოედგინა,  ამ სიტყვის – „შიდადემოკრატიის“  მნიშვნელობა თუ იცოდა მაგალითად,  დავით კირკიტაძემ, რომელიც პარტიაში არჩევნების მნიშვნელობასა და შიდადემოკრატიის აუცილებლობაზე მიუთითებდა.  

 

ნონა მამულაშვილმა პარტიიდან წასვლისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაცლილია პოლიტიკისგან. 

 

ასევე ყოფილი „ნაციონალი“  და „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს ზომბს, რომელიც დიდი ხანია, დაცლილია შინაარსისა და იდეისგან.  

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ზომბს ჰგავს, რომელსაც აქვს დიდი სხეული, მაგრამ არც პრინციპები და არც გონი არ გააჩნია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

უხვად გამოჩნდა „შეთქმულების თეორიებიც“. ყველაზე მსუყე და „მრავალშრიანი“ „შეთქმულების თეორია“ ყოფილმა „ნაციონალმა“ და ახლა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა კაკო ბობოხიძემ გააჟღერა. 

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები თავმჯდომარედ „ნაკლებწონიანი“ ლიდერის არჩევასა და საერთო ჯამში,  ამ პარტიის „ვაშაძის ერთობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება. ბობოხიძის თქმით, კეზერაშვილს „პროექტი მელია“ ჩაეშალა და ახლა „პროექტი ვაშაძე“ აამოქმედა. 
ბობოხიძის ამ განცხადებას  ვაშაძემ „მრავალსაფეხურიანი“ შეთქმულების თეორია უწოდა. ვაშაძის ცოტა უფრო ძველ განცხადებას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რას ფიქრობდა ის 2017 წელს კეზერაშვილის ფულსა და „ევროპული საქართველოს“ კავშირზე. 

 

“კეზერაშვილთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასებებით არასოდეს გამოვირჩეოდი. ვფიქრობ, მსგავსი ადამიანები ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისთვის ყოველთვის პრობლემა იყო. მე შემიძლია დავეთანხმო ნიკა მელიას, ეს არის ადამიანი, რომელიც, როგორც ჩანს, „დალაგდა“ ბიძინა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს. ასეთი ადამიანების დრო საქართველოში უნდა დასრულდეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ 2017 წელს, რითაც  ნიკა მელიას მაშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

 

რაც შეეხება გაცხადებულ მიზეზს, რაც გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების მოთხოვნის საფუძველი, ახლანდელი ლიდერის მიერ გადაწყვეტილებების ერთპიროვნული მიღება და არაეფექტური საქმიანობაა. მთავარი პრეტენზია კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ აქტივობის ნაკლებობას და ფუჭ მსვლელობებს – „სეირნობის აქციებს“ უკავშირდება.

 

ლიდერის მიმართ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის არსებული უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, რაც  გახდა მიზეზი, რომელზე დაყრდნობითაც ნიკა მელიას წინააღმდეგ კამპანია აგორდა. უკმაყოფილების  ამ ტალღას „მოაჯდა“ ლევან  ხაბეიშვილის ფრთა, რომელმაც პარტიაში არჩევნების ჩანიშვნა მოითხოვა.  მაშინვე გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ხაბეიშვილის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი და  ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დგანან. 

 

ნიკა მელია მინიშნებებითა და შემდეგ კი შედარებით უფრო მკაფიო განცხადებებით აშკარად მიუთითებდა, ლევან ხაბეიშვილის უკან დავით კეზერაშვილისა  და ვანო მერაბიშვილის  გავლენების არსებობას. მელიამ ჩრდილოვან ფიგურებს „ავანსცენაზე“ გამოსვლისა და ღია ქმედებებისკენ მოუწოდა და „ფარდის ახდის“ პირობა დადო.  მისსავე განცხადებებში ნათლად იკითხება, რომ კეზერაშვილმა პარტიაში უფრო მეტი გავლენა მოითხოვა, რასაც თვითონ არ დათანხმდა. მელიას განცხადებით, მისთვის კეზერაშვილის პარტნიორობა პარტიაში მისაღები იყო იმ დრომდე, ვიდრე მას „პოლიტიკური მადა“ გაეზრდებოდა. 

 

ფაქტია, 2021 წლის არჩევნებში მელია დამოუკიდებლად მოქმედებდა და თავად ადგენდა საარჩევნო სიას. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და პოლიტიკისგან მისი დისტანცირების  შემდეგ, კეზერაშვილის ჯგუფმა უფრო აქტიურად დაიწყო მოქმედება პარტიაში გავლენების გასაძლიერებლად, რასაც მელიას წინააღმდეგობა შეხვდა. 

 

როგორც უკვე აღვნიშნე, 2017 წელსაც  „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფაში მელია  კეზერაშვილს  ადანაშაულებდა, აცხადებდა,  რომ ფული დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა და ახლა“ევროპულ საქართველოს” აფინანებს. როგორც ჩანს, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვიანობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. ეს იმ დრომდე  აქტუალური იქნება, ვიდრე  პარტიების მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი არ გადაიჭრება.  ეს კი გაძნელდება იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო მხარეს არაპროპორციულად დიდი ფული და ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი ბიზნეს სექტორი იქნება. ქვეყნის შიგნით არსებული ბიზნესი ასე გაბედულად ვერ აფინანსებს ოპოზიციურ სპექტრს, ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის გარედან აფინანსებს, იმ პრინციპით ხელმძღვანელობს,  რომ „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“. 

 

“ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც თავის დროზე თავად იყვნენ ეჭვმიტანილები კეზერაშვილთან თანამშრომლობით პარტიის გაყოფაში,  ახლა თავად საუბრობენ, რომ კეზერაშვილს ახალი პროექტი აქვს ქართულ პოლიტიკაში და ახალი გეგმები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით. 

 

გიგი უგულავა კი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ „ევროპული მოძრაობაც“ დატოვა, პარტიის კვლავ გაყოფის საფრთხეზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა ამის პრევენცია უნდა მოხდეს. ამით ის, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ინანიებს 2017 წელს პარტიის გაყოფაში თავის მონაწილეობას და აღნიშნავს,  რომ უთანხმოება შიდა დემოკრატიით უნდა დაიძლიოს. 

 

მისივე სიტყვებით, ვინც მთავარ ოპოზიციურ პარტიას კრიზისის ყველაზე დემოკრატიული მეთოდით  – არჩევნების გზით გადაჭრის გამო აკრიტიკებს, მათ ურჩევს თავიანთ „ერთკაციან პარტიებს“ მიხედონ, სადაც შიდა დემოკრატია და არჩევნები საერთოდ არც კი იციან, რა არის, განსხვავებით “ნაციონალური მოძრაობისაგან“, რომელსაც ამ მხრივ ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს. 

 

უგულავა აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” დგამს, სახიფათო და  მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია. 

 

“ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” დგამს, სახიფათო და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯებია. სხვა შემთხვევაში კრიზისი როგორ უნდა დაიძლიოს? ჩემთვის გაუგებარია სხვა მომცრო პარტიების ქილიკი ამ თემაზე, მათ შიდა არჩევნები საერთოდ არც ჩაუტარებიათ და 10 და 20 წელი ჰყავთ თავმჯდომარე შეუცვლელად, ერთი კაცის პარტიებია. არჩევნების შედეგები ჯერჯერობით პროგნოზირებადი არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და კონკურენტულია. ყველა პარტიას მინდა მოვუწოდო, რომ შიდა არჩევნებსა და შიდა დემოკრატიაზე არ იქირქილოს“, – აცხადებს გიგი უგულავა. 

 

მსჯელობა იმის შესახებ, ეს პროცესები პარტიას გააძლიერებს,  თუ პირიქით, დაშლის პირას მიიყვანს, მყარი დემოკრატიის პირობებში, ალბათ,  არ იქნებოდა დღის წესრიგში, მაგრამ ჩვენს რეალობაში ამ კითხვას საფუძველი აქვს. არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არჩევნებია. ჩააბარებს თუ არა დემოკრატიის ტესტს  მთავარი ოპოზიციური პარტია, ამაზე ქვეყანაში პროცესების შემდგომი განვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული. 

 

ირინა მაკარიძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები