რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ემიგრაციაში მყოფი საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, დამოუკიდებლად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება.
ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს მიატოვეს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში და სოფლებში, სადაც თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, მაშინ, როცა რუსეთმა შემოიღო სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა გააუქმა ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, ეს ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები, მიატოვეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ გორში, დღეს ხმამაღლა გამოდიან საქართველოსთვის დამაზიანებელი და მავნებლური განცხადებებით. მინდა, მივმართო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ეს რადიკალური ოპოზიცია ითხოვს დღეს საქართველოს ხელისუფლებისგან თქვენზე სანქციების დაწესებას, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.