შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ლელო საქართველოსთვის" ოთხი წევრი – ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და პაატა ცივაძე მივიდნენ. "ლელოს" ოთხივე წევრი საჯარიმო ოქმების გასაცნობად დაიბარეს. ისინი 6 თებერვალს გამართულ „დაუმორჩილებლობის მარშში" მონაწილეობის დროს, "კომენდანტის საათის" დარღვევის გამო დააჯარიმეს.
როგორც საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "კომენდანტის საათი", რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არის დარჩენილი, აუცილებლად უნდა დასრულდეს და არ აპირებენ ამას შეეგუონ.
"გვიზღუდავენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ და არ ვაპირებთ ამას მშვიდად შევეგუოთ. ეს აბსურდული "კომენდანტის საათი", რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არის დარჩენილი, აუცილებლად უნდა დასრულდეს. ამ მოთხოვნის გამო ოთხი ადამიანი ჩვენი პარტიიდან დააჯარიმეს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ დააჯარიმეს მშრომელი ადამიანები, რომლებიც მატერიალური უფლებებისთვის იბრძვიან. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ ყველაფერზე არის შეუძლებელი. უკვე საცირკო წარმოდგენას ვუყურებთ, მერამდენე დღეა სადაც ადამიანებს თავისუფლებისთვის და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის აჯარიმებენ. მათ შორის ჯარიმა მიუვიდათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ", – განაცხადა საბა ბუაძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მათზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
"ეს ყველაფერი კომიკური ხდება. არც ერთი რეგულაცია არ ზღუდავს ჩვენი პოლიტიკური მანიფესტაციის უფლებას. ის, რაც ხდებოდა, არის დაუმორჩილებლობის აქტი, იგივე პოლიტიკური მანიფესტაცია და ამის გამო დაჯარიმება არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. აბსურდულობის ახალ საფეხურზე ავიდა ის, რომ დააჯარიმეს ადამიანები, რომლებსაც საშვი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, არც ერთი წუთი არ ვაპირებთ ამ ამბავს შევეგუოთ და ეს პოლიტიკური მუხტი გაგრძელდება, საზოგადოებრივი ინტერესია, რომ გაიხსნას ქვეყანა და ეს აბსურდული "კომენდანტის საათი" მოიხსნას. ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ არ დაიხევენ უკან და უგუნურ "კომენდანტის საათს" არ გააუქმებენ", – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.