“გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი“ – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“.
მისი თქმით, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში.
„გარდაცვალების მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ეს ცემას არ ამართლებს და ის ადამიანები, რომლებმაც ეს სისასტიკე გამოიჩინეს დაისჯებიან, 4 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. როგორც ჟურნალისტმა თქვა, მინიმუმ 9 ადამიანი იყო და თუ ასეა, მათი იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს და უნდა აგონ პასუხი, მაგრამ ასე პირდაპირ ვთქვათ, რომ რაც არ უნდა გამოვლინდეს გარდაცვალების მიზეზად, მაინც დავაბრალოთ ამ ძალადობას, ესეც არ არის სწორი. ამიტომ, ასეთ დროს განსაკუთრებული თავშეკავება გვმართებს შეფასებებში, თუმცა, კარგად მესმის, რომ ემოციის მოთოკვა ძალიან ძნელია და აქ არ არსებობს პოლიტიკური მხარე. აქ ყველანი ერთიანები ვართ, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორ აქციას შორის შეტაკება არ მომხდარიყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც სადღაც გასაყვანი კი არ იყვნენ, იქ იყვნენ და იღებდნენ ამ ყველაფერს, მათზე მოხდებოდა თავდასხმა. ეს იყო სრული მოულოდნელობა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.