აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი 6 აპრილს კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. დიპლომატმა კრივი-რიჰზე განხორციელებულ ტერაქტზე “სუსტი“ რეაქციის შემდეგ ამჯერად რუსეთი ახსენა.
“დილის 6:30 მდგომარეობით, კიევი და დანარჩენი უკრაინა რჩება რუსეთის მხრიდან ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების ცეცხლის ქვეშ. ძლიერი აფეთქებები დედაქალაქში და ცნობები თავდასხმების შესახებ რამდენიმე ქალაქში”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
კომენტარებში მოქალაქეები წერენ, რომ ფორმულირება “რუსეთის მხრიდან” სრულად სწორი არ არის.
ბრინკის პოსტს გამოეხმაურა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკოც.
“გამოიყენეს სიტყვა “რუსეთი”, პროგრესი”, – წერს კოვალენკო თავის Telegram-ზე.
კრივი-რიგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი გამოეხმაურა, თუმცა, თავის პოსტში დიპლომატს არ უხსენებია, რომ ეს იყო რუსული რაკეტა, რომელმაც ქალაქს დაარტყა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან ცხრა ბავშვი იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის “უსიამოვნოდ გაკვირვებულია” აშშ-ის საელჩოს ასეთი სუსტი პასუხით.
“ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი – და ასეთი სუსტი რეაქცია. მათ ეშინიათ სიტყვა “რუსულის” წარმოთქმაც კი, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კიევზე რუსების ბალისტიკური თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.