spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსი. კონგრესმენების სტივ კოენის, ჯო უილსონის და რიჩარდ ჰადსონის წერილს გამოცემა Foreign Policy ავრცელებს. 

 

ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.

“თქვენი ადმინისტრაციის რეაგირებაა უკრაინის დახმარება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ უკრაინასთან ჩვენი სამხედრო სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად მისთვის ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით. საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. ამ სტატუსის მინიჭება თავდაცვის სფეროში ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს”, – აღნიშნულია წერილში.

კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

კონგრესმენების მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიალური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.

“აშშ-მა უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგედია. საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს თავისი უპირატესობის გამოყენებას საკუთარი მიზნების შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგი”,- აღნიშნულია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები