აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. მთავარი თემა ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, მედიამენეჯერების დევნა და სიტყვის თავისუფლება იყო.
საუბარი შეეხო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას.
“ეს არ არის განყენებული საქმე, ეს პირდაპირ არის დაკავებული მედიაგარემოსთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასთან, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ებრძვის დღეს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არის უსაფუძვლოდ ციხეში, მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისთვის, რომ ის ჩაესვა ციხეში”, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა.
დერეკ შოლე საქართველოში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის მთავრობისა და ოპოზიციის წევრებსაც შეხვდება.