კიევი: აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების წინააღმდეგ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს გმობს.
როგორც დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, სენატორი რონ ჯონსონი აცხადებს, დოკუმენტში კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნონ უკრაინას ხომალდები და გაათავისუფლონ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. რეზოლუცია ასევე უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა.
ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინამ 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.