ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, 23 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი სამხედრო აგრესიის გამო სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი შემოიღო. შეზღუდვები ასობით იურიდიულ პირს შეეხო.
შეზღუდვების ახალი პაკეტი ყველაზე მასშტაბურია და ის მოიცავს რუსეთის ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და შესყიდვების ქსელს. ასევე სანქციები გავრცელდება იმ პირებსა და კომპანიებზე, მსოფლიო ყველა წერტილში, რომლებიც კრემლს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში ომის გარდა ახალი სანქციების მიზეზი ასევე გახდა ალექსეი ნავალნის სიკვდილი.
დღევანდელი სანქციების სიაში შედის მესამე ქვეყნებიდან ექსპორტიორები და ტექნოლოგიის, აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების რუსეთში გადამტანები, ექსპედიტორი, რომელიც აწვდის იარაღს რუსეთს, ასევე ტრანსნაციონალური ფულის გათეთრების ქსელი, რომელიც ხელს უწყობს რუსული წარმოშობის პროდუქციის უკანონო გადაადგილებას.
საერთო ჯამში, დღეს შეზღუდვები 11 ქვეყანაში 26 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხო, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სერბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ლიხტენშტაინში.
დღესვე ევროკავშირმა დაამტკიცა მე-13 პაკეტი, რომელიც შეზღუდვებს უწესებს 106 ფიზიკურ პირს და 88 კომპანიას.