spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში – რა არის ცნობილი მიზეზების და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ

29 დეკემბერს სამხრეთ კორეაში მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 180-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი გადარჩა.

უბედური შემთხვევა 29 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:07 საათზე სამხრეთ კორეაში, მუანის ოლქის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

Jeju Air-ის Boeing 737-800 ბანგკოკიდან (ტაილანდის დედაქალაქი) მიფრინავდა მუანში, როდესაც აეროპორტში დაშვების დროს ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

დადასტურდა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა: 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მგზავრებში ტაილანდის ორი მოქალაქე იყო, დანარჩენები კი სამხრეთ კორეის მოქალაქეები იყვნენ.

სამხრეთ კორეის მედია წერს, რომ ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ, 179 ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ კორეის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით კი, ორი ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ეს ორი ქალია – მგზავრი და ეკიპაჟის წევრი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

124 ადამიანის გარდაცვალება უკვე დადასტურებულია. სხვები დაკარგულად მიიჩნევა.

მაშველები აღნიშნავენ, რომ ისინი აგრძელებენ ადამიანების ძებნას თვითმფრინავის უკან ნაწილში.

“მგზავრები თვითმფრინავიდან ღობესთან შეჯახების შემდეგ გადმოცვივდნენ. გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ფიუზელაჟი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულების იდენტიფიცირება რთულია. ნეშტების პოვნას და დაბრუნებას დრო სჭირდება”, – განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან.

წინასწარი შეფასებით, კატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თვითმფრინავის შასის მექანიზმის გაუმართაობა, რომელიც თავის მხრივ მწყობრიდან ფრინველების დიდ გუნდთან შესაძლო შეჯახების გამო გამოვიდა.

ასევე ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ერთ-ერთი ძრავას გაუმართაობა გამხდარიყო.

სხვა ვერსიით, ავარიის მიზეზი შესაძლოა, ამინდის რთული პირობები ყოფილიყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები