spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა

საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უკრაინაში რუსეთის განგრძობადი, აგრესიული ომის კონტექსტში, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მედეგობის გაძლიერება. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინსტიტუციებისა და საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობას. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები რუსული მცდარი ნარატივებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საერთაშორისო წესრიგი თუ დამყარებული იქნება არა კანონზე, არამედ ძალის იდეაზე, შედეგები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არიან ავსტრია და საქართველო, შესაძლოა, ფართო იყოს. ამიტომაც, ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენი დისკუსიისა სწორედ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი იყო. კარგ პარტნიორებს შორის ყოველთვის შესაძლებელია გულახდილი საუბარი და დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რთული საკითხიც გვქონდა დღის წესრიგში. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ გზას, საქართველომ ამ გზას გადაუხვია და უკან დაიხია, ეს როგორც ავსტრიის, ისე ევროკავშირისთვის სამწუხაროა.

ჩვენ ვხედავთ რეფორმების საჭიროებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ვხედავთ უკუსვლას კანონმდებლობასთან მიმართებით, რაც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ხარვეზებს, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. როგორც შედეგი – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მე მკაფიოდ ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და შესაბამისმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.

ძალადობაზე პასუხად, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რაც ჯამში 220 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე შეაჩერა 30 მილიონი, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის მშვიდობის მექანიზმის ფარგლებში და არ გვაქვს გეგმაში რაიმე სახის დახმარება 2025 წლისთვის. ავსტრია და ევროკავშირი გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პოლიტიკურ პირებს, დაძლიონ პოლარიზაცია.

საქართველომ დიალოგი უნდა გააგრძელოს როგორც ევროკავშირთან, ისე ორმხრივ ფორმატებში, ამიტომ კარგია, რომ დღეს ჩვენი შეხვედრა შედგა. ასევე მნიშვნელოვანია დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც აღვნიშნე, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. შემდგომი ნაბიჯები, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს გზა ევროკავშირისკენ, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია და ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მივესალმებით თქვენს ყველა ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე. მე წინააღმდეგი ვარ კარის მთლიანად დახურვის. ვფიქრობ, დღეს ამ შეხვედრით ეს ნათლად გამოჩნდა. არსებითად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხანია, არის დიალოგისა და დიპლომატიის კერა და ჩვენი დღევანდელი შეხვედრები, ქართველი კოლეგების ვიზიტი ეუთოში, ვენაში ხაზს უსვამს ამ როლს“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები