აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს.
“თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ.
მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია წერილში.
საქართველოს მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს სალომე ზურაბიშვილი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან თითქოს ილჰამ ალიევის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.