ძალიან დიდი აქტივობაა ემიგრანტების მხრიდან საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე, ახლა ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ამ ადამიანების ტრანსპორტირება. აქტიურმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „26“, – ამის შესახებ „ემგიდის“ წარმომადგენელმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანაა ის, რომ მოახდინონ ფინანსური რესურსის მობილიზება.
“ძალიან დიდი აქტივობაა ემიგრანტების მხრიდან საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე. მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა რეგისტრაციის ეტაპი და ახლა ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ამ ადამიანების ტრანსპორტირება და მისვლა განხორციელდეს საარჩევნო უბნებამდე. ამისთვის საჭიროა დიდი ძალისხმევა, ამისთვის საჭიროა დიდი კონსოლიდაცია და ჩვენ, აქტიურმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანდეთ და შევქმნათ დიდი პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „26“. ამისთვის ვართ ჩვენ აქ შეკრებილები. ჩვენი ამოცანაა გავაერთიანოთ ყველა მოქალაქე, ჩვენი ამოცანაა მივიყვანოთ ყველა მოქალაქე საარჩევნო უბნებამდე, განსაკუთრებით, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც საჭიროებენ ამაში დახმარებას. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ მოვახდინოთ მობილიზება ფინანსური რესურსის, რომ განვახორციელოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ამის შესახებ დეტალურად მოვახსენებთ ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ, ჩვენი ამოცანაა, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
“პლატფორმა 26” რამდენიმე საზოგადოებრივმა მოძრაობამ დააფუძნა და რომლის მიზანია, დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში, მათ შორის, ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებაში, რომ ამომრჩეველი მივიდეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ უბანთან და ხმა მისცეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.