ადამიანები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ხელისუფლების მიერ დაწესებული ბარიერების გამო, აპირებენ საერთოდ საქართველოში ჩამოსვლას და აქ ხმის მიცემას. “ემიგიდის” მთავარი საზრუნავი იქნება ამ ადამიანების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ “ემიგიდის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 10 დღეში საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირებულია 23 ათასი ქართველი ემიგრანტი.
“ათასობით ადამიანი დაარეგისტრირა “ემგიდმა” და სხვა ორგანიზაციებმა, რომლებისთვისაც მათ ვუხდი დიდ მადლობას.
ბოლო 10 დღეში დარეგისტრირებულია 23 ათასი ადამიანი, რაც ორჯერ მეტია იმ საერთო რაოდენობაზე, რაც 2020-ში იყო. ბუნებრივია, ერთი მხრივ, ემიგრანტების რაოდენობის ზრდა არის ცუდი, მაგრამ მათი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაცია და მათი აქტივობა არის უპრეცედენტო და ძალიან მაგარი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა დროის ყველაზე მაგარი ამომრჩეველი მივა ამ პერიოდში.
ასევე არის ტენდენცია, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ხელისუფლების მიერ დაწესებული ბარიერების გამო, აპირებენ საერთოდ საქართველოში ჩამოსვლას და აქ ხმის მიცემას. ჩვენი არაერთი საჩივრის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა არ გახსნა არცერთი უბანი დამატებით იმ ქალაქებში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობდა და დღეიდან, რადგან დასრულდა რეგისტრაციის ეტაპი, “ემიგიდის” მთავარი საზრუნავი იქნება ამ ადამიანების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. დღეიდან, ჩვენ ვაპირებთ, რომ სხვადასხვა პლატფორმებთან ერთად ამ საკითხზე ვიმუშაოთ. მოვიძიოთ შესაბამისი ფინანსები და დღეიდან ყველა ჩვენგანის საზრუნავი იქნება ემიგრანტების საარჩევნო უბნამდე მისვლა”, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.