აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს “გიჟი ნაბიჭვარი” უწოდა და მსოფლიოში არსებული ბირთვული საფრთხე გაიხსენა.
The Hill-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა. გამოსვლის დროს ბაიდენმა გაიხსენა პუტინი და სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე ემუქრებიან მსოფლიოს ბირთვული იარაღით.
“მთავარი ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია. დიახ, ჩვენ გვყავს გიჟი ნაბიჭვარი (crazy SOB), ისეთი როგორც პუტინია, ისევე როგორც სხვები და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ეგზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის არის კლიმატი“, – განაცხადა ბაიდენმა.
გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პირდაპირ დაადანაშაულა პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილში და გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელიც ამ დანაშაულზე რეაქციის დროს პუტინის ხსენებას თავს არიდებს.