ამ განცხადებით ღარიბაშვილმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გასაღები პირდაპირ პუტინს ჩააბარა ხელში, – ამის შესახებ „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყატარში პრემიერ-მინისტრის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ პუტინისთვის გარანტიების მიცემა.
“გუშინ ვაშინგტონიდან ჩამოვფრინდი ბრიუსელში, ერთ-ერთი სალაპარაკო თემა, რაც გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის, რომ ახლა არის საუკეთესო მომენტი არა მხოლოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხრივ. ამ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ივანიშვილის მოლაპარაკე თავი, ღარიბაშვილი გამოვიდა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გასაღები პირდაპირ პუტინს ჩააბარა ხელში. ეს არის ზუსტად ის, რაც უნდოდა პუტინს, გაეგო. ამით ივანიშვილმა პუტინს მისცა გარანტიები, რომ საქართველო ამ მთავრობის პირობებში ნატო-სკენ ნაბიჯს არ გადადგამს წინ“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს.