ბათუმსა და ქუთაისში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები იმართება.
აქტივისტების ნაწილმა ბათუმში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, გაშლილი აქვთ კარავიც. ისინი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვენ.
ქუთაისში მოქალაქეებმა მერიის შენობის წინ კარავი გაშალეს. მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ფოტოს სახეში სილას დემონსტრაციულად აწნიდნენ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად 19 დღეა, შიმშილობს.